fbpx

საქართველო ღვინის აკვანი

საქართველო, ქვეყანა, რომელიც მდებარეობს შავ და კასპიის ზღვებს შორის იმავე გრძედზე, როგორც საფრანგეთის სამხრეთი, დამსახურებულად წარმოადგენს ღვინის აკვანს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია ღვინის დამზადების 8000 წლის უწყვეტი ისტორია, რაც დადასტურებულია მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენით.

მსოფლიოს მრავალი კომპეტენტური ექსპერტის შეხედულებით საქართველო წარმოადგენს ღვინის სამშობლოს, რომელსაც გააჩნია 8000 წლის ისტორია. ღვინის თიხის ჭურჭელში (ქვევრი) დადუღება წარმოადგენს ღვინის დამზადების უძველეს მეთოდს, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება საქართველოში.  საუკუნეების განმავლობაში, მეღვინეობა წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის საფუძველს, ღვინომ კი საკულტო მნიშვნელობა შეიძინა და სულიერი განახლების სიმბოლოდ იქცა. 

უნიკალური ჯიშები Vitis Vinifera 

საქართველოში ხარობს 500-ზე მეტი უნიკალური „Vitis Vinifera”-ს ყურძნის ჯიში. ძირძველი ყურძნის ჯიშების გარდა, ასევე წარმოდგენილია მრავალი უცხოური ჯიშიც. საქართველოში წარმოებული ღვინო გამოირჩევა უნიკალური და მრავალფეროვანი თვისებებით.

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები ქმნის საუკეთესო გარემოს მაღალი ხარისხის მეღვინეობის განვითარებისათვის.

უნიკალური და უძველესი ორგანული წარმოების მეთოდი (ქვევრში), წარმოადგენს საქართველოს კულტურულ საგანძურს. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, ზოგიერთი ქვევრი 8000 წელზე მეტი ხნისაა. მეღვინეობის ამ უძველეს, ტრადიციულ ქართულ მეთოდს, 2013 წელს, იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.

ქვევრი გამოიყენება ღვინის დუღილის, შენახვისა და დაძველებისათვის. იგი არის კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი სახელურების გარეშე, რომელიც ინახება მიწაში, ჩაფლულ მდგომარებაში.